როგორც ჩანს, ჯასტინ ბიბერს მოსწყინდა წესიერი ბიჭის იმიჯის ტარება და სხვა, უფრო უხეში ხასიათის მორგება გადაწყვიტა. მომღერლის ფოტოსესიაში ამოცნობა დიდი გაჭირვებითაა შესაძლებელი, ისევე როგორც ნებისმიერი სასტიკად ნაცემი ადამიანისა. სისხლის, ხორცის, ჩალურჯებებისა და დაბეჟილობების გამო სიმპათიური სახისგან კვალიც არ დარჩენილა. იგი ნაიარევებმა დაფარა. ამ სასტიკი ჩანაფიქრის განხორციელებაში ბიბერს ჟურნალ „Complex"-ის ფოტოგრაფი ტონი კელი დაეხმარა. გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ბიბერი ცხოვრებასთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებზე საუბრობს. ჯასტინის აზრით, მისი ვალია, რომ საუკეთესო იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მუსიკაში არაფერი ესაქმება. მომღერალს კარიერის გულისთვის უამრავ რამეზე უწევს უარის თქმა და ეს მსხვერპლი გამართლებული უნდა იყოს. იგი საყვარელი საქმის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. ვარსკვლავს მიაჩნია, რომ თუ იგი ცუდი მუსიკის შესრულებას დაიწყებს, თაყვანისმცემლებს დაკარგავს.
|