ხვალ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირს პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი გახსნის.
შეხვედრამდე 12-წუთიანი გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელშიც 63 ქვეყნის 800 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო პოლონელებისთვის, რომლებიც მატჩებს საკუთარ არენებზე ატარებენ. მასპინძლებს სრული საბრძოლო გუნდის გამოყვანა შეუძლიათ, რადგან ტრავმიანობის პრობლემა მათ ამ ეტაპზე არ აწუხებთ. სავარაუდოდ, დორტმუნდის "ბორუსიას” სამივე პოლონელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნება: დაცვის მარჯვენა ფლანგზე – ლუკაშ პიშეკი, შეტევის მარჯვენა ფრთაზე – იაკუბ ბლაშიკოვსკი, ხოლო ცენტფორვარდის პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკი გაირჯება.
ბერძნები
რაც შეეხებათ ბერძნებს, ტრავმირებული ფეხბურთელები არც 2004 წლის ჩემპიონებს ჰყავთ. ვასილის ტოროსიდისმა სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მუხლი დაიშავა, თუმცა დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და ხვალ 26-წლის მცველს თამაში შეეძლება. მცირე ტრავმა აწუხებდა სოტირის ნინისსაც, თუმცა ხვალისთვის ისიც მზად გახლავთ. სავარაუდოდ, ბერძნები 4-3-3 განლაგებით ითამაშებენ და მეტოქეს სალპინგიდისი-გეკასი-სამარასის ტრიოთი შეუტევენ.
პოლონელებისა და ბერძნების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "თეთრ არწივებს” აქვთ: 15 გამართულ მატჩში პოლონელებმა 10-ჯერ იმარჯვეს, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამი კი – ბერძნების გამარჯვებით. აღნიშნულ ნაკრებთა დაპირისპირება პოლონეთში რვაჯერ გაიმართა და რვაჯერვე მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. დღევანდელი მეტოქეები უკანასკნელად 2011 წლის მარტში, საბერძნეთში შეხვდნენ – მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.
ჩვენი სპორტული ინტერნეტ-ჟურნალის ფეისბუქის გვერდის მომხმარებელთა უმეტესობა გამოკითხვაშიუპირატესობას პოლონეთის ნაკრებს ანიჭებს: პოლონეთი (61%) – ფრე (19%) – საბერძნეთი (19%).
მატჩს განსჯის 41-წლის ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო კარბალო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალური შეხვედრის მთავარი არბიტრის თანაშემწე გახლდათ. კარბალომ სამსაჯო კარიერა 2004 წელს დაიწყო, 2008 წელს კი საერთაშორისო დონის არბიტრის წოდება მიიღო. თავისუფალ დროს ინჟინერ-ტექნოლოგად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას ვარშავის ნაციონალური არენა უმასპინძლებს.