წინათქმა: როგორც იქნა, ფეხბურთის მოყვარულების მოლოდინს ბოლო მოეღო, გუშინ ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და თან დაიწყო ისე, კიდევ ბევრ საინტერესო რამეს რომ უნდა ველოდოთ. გულშემატკივართა უდიდესი ნაწილისათვის ნამდვილი ჩემპიონატი დღეს იწყება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორივე მატჩი საკმაოდ დაძაბული და თვალსასეირო აღმოჩნდა, გულშემატკივრები დღევანდელ თამაშებს უფრო მეტი ინტერესით ელიან. დღეს ხომ ევროპული საზომით გრანდები, ბობოლები იწყებენ პირველობისათვის ბრძოლას. თანაც გუშინ ორივე მატჩი პოლონეთში გაიმართა, დღეს კი ევროპირველობას უკრაინის ქალაქები მასპინძლობენ. პირველი მატჩი თბილისის დროით 8 საათზე, ხარკოვში, ადგილობრვი მეტალისტის სტადიონზე დაიწყება. ერთმანეთს ჰოლანდია და დანია გაეჯიბრებიან.
მოსამზადებელი პერიოდი: ევროპირველობისათვის მოსამზადებელ ეტაპზე ორივე გუნდმა 3-3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და არცერთ მათგანს მაინცდამაინც ბრწყინვალე ფეხბურთი არ უჩვენებია. ბერტ ვან მაარვიკის გაწვრთნილმა ჰოლანდიამ ამ სამიდან ორი მატჩი მოიგო, ერთი კი შინ ბულგარელებთან 1:2 დათმო. საპირისპიროდ არის სიტუაცია მორტენ ოლსენის გუნდში. დანიელებმა სამიდან მხოლოდ ერთი მატჩის (ავსტრიასთან 2:0) მოგება მოახერხეს, ხოლო დანარჩენი ორი კი, რუსეთთან და ბრაზილიასთან შესაბამისად 2:0 და 3:1 დათმეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩები მხოლოდ ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, გულშემატკივართა ერთი ნაწილის აზრით ორივე ნაკრებმა სასურველი ფორმა სწორედ ჩემპიონატის მსვლელობისას უნდა აკრიფოს.
ურთიერთშეხვედრების ისტორია: ჰოლანდიელები და დანიელები ამ მატჩამდე ერთმანეთს 29 ჯერ შეხვდნენ, შედეგებიდან გამომდინარე მცირე უპირატესობა ნიდერლანდელთა მხარესაა. წინა მტჩებიდან 12 „ნარინჯისფერთა" გამარჯვებით დასრულდა, 8-ჯერ დანიელებმა მოიგეს ხოლო 9 მატჩი კი ფრედ დამთავრდა. ამ ნაკრებების უკანასკნელი დაპირისპირება 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიელთა გამარჯვებით 2:0 დამთავრდა. ისეკი ამ გუნდების მეტოქეობა გაცილებით უფრო დიდ ისტორიას ითვლის. პირველად „ნარინჯისფერები" სკანდინავიელებს 1926 წელს, ამხანაგურად გაეჯიბრნენ და ის მატჩიც ბოლოს მსგავსად ჰოლანდიელთა გამაჯვებით დამთავრდა ანგარიშით 4:2.
დღევანდელი მდგომარეობა: ყოველთვის სასიხარულოა, რომ ასეთ დიდ ტურნირებს გუნდები დანაკლისის და ტრავმიანობის გარეშე ხვდებიან. ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე გუნდს მხოლოდ თითო ფეხბურთელის ტრავმის საკითხი აწუხებდა და ახლა ისიც მოგვარებულია. ნელნელა ფორმაში შედის ჰოლანდიელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი, მასსავით უკვე ჯანზეა დანიელთა გუნდის ერთერთი იმედი, „აიაქსის" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი.
პროგნოზები: დიდი საფეხბურთო ფორუმების მიმდინარეობას გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი თვალყურს ადევნებს ხოლმე ცნობილი ადამიანების მიერ გამოთქმულ პროგნოზებს მომავალი მატჩების შესახებ. რაღა თქმა უნდა, არც დღევანდელი შეხვედრაა გამონაკლისი.
მორტენ ოლსენი. დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, თითოეულ მატჩში საკუთარ თავზე მაღლა ახტომა მოგვიწევს წარმატებისათვის. ყველა თამაშში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. ასეთ დონეზე ძალიან გაგვიჭირდება თუმცა ზუსტად ვიცი, რომ შანსები გვაქვს და მისი გამოყენება უნდა ვცადოთ. ჰოლანდია მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო გუნდია, დღევანდელ მატჩშიც ვაფორიტად „ნარინჯისფერებს" მივიჩნევ, თუმცა ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს"
ბერტ ვან მაარვიკი. ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი: „ჩემს გუნდს ბევრი ამ ჩემპიონატის ვაფორიტადაც მიიჩნევს. ეს რამდენად მართალია ფინალის დასრულების შემდეგ გავიგებთ, მანამდე კი პირელი მატჩი გველის. დანიელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ოდნავი მოდუნება შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. ფავორიტები ვართ თუმცა ვიცი, რომ რთული მატჩი გველის".
9 ივნისი. 20:00.
ხარკოვი. "სპორტკომპლექსი მეტალისტი”.
ჰოლანდია – დანია
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ბოუმა, ვლარი, ჰეიტინგა, ვან დერ ვილი, იონგი, ბომელი, აფელაი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი.
დანია (4-2-3-1): ლინდეგარდი, ს.პოულსენი, აგერი, კიაერი, ვასი, კ.პოულსენი, კვისტი, კრონ-დელი, ერიქსენი, რომედალი, ბენდტნერი.
მთავარი არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
9 ვნისი, 20:00.
ხარკოვი. სტადიონი „მეტალისტი". ტევადობა 35,000.
ჰოლანდია-დანია
ჰოლანდია: შტეკელენბურგი, ჰეიტინგა, მეტიისენი, შაარსი, ვან დერ ვეილი, დე იონგი, ვან ბომელი, რობენი, სნეიდერი, აფელაი, ვან პერსი.
დანია: ლინდეგარი, კიაერი, აგერი, სიმონ პოულსენი, იაკობსენი, იორგენსენი, კრისტიან პოულსენი, რომედალი, ერიკსენი, კრონ-დელი, ბენდტნერი.